საქართველოში, პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი – ეთერ ლიაპარტელიანი მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ყველას უღრმესი მადლობა, მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვასახელე ჩემი ქვეყანა და მოვახერხე ამეჟღერებინა საქართველოს ჰიმნი საზღვრებს გარეთ.
ბედნიერი ვარ, რადგან ამდენი შრომა და წვალება დამიფასდა. იყო ბევრი გულის ტკივილი იყო ბევრი წარუმატებლობა, დაცემა. საბედნიეროდ, მყავს ისეთი ადამიანები, ვინც წამომაყენეს და ფარხმალი არ დამაყრევინეს.
მადლობა პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს, რადგან ოლიმპიადაზე განცდილი მარცხი უმძიმესი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეზიზღებოდა ყველაფერი რომ ვხედავდი. ყველაფერი ჩავდე. მოკლებული ვიყავი ყველას და ყველაფერს. მხოლოდ ვარჯიში და რეჟიმში ყოფნა! თუმცა ერთი ნაბიჯი დამაკლდა ოლიმპიურ მედლამდე.
ზუსტად მახსოვს, ჩემმა მეუღლემ მითხრა: „ეთო, ვიცი რთულია, ვიცი გეტკინა მაგრამ, მერე უფრო გეტკინება, რადგან დანებდები და შენს მიზნებსა და ოცნებებზე უარს იტყვი“.
რთული იყო, მაგრამ დავბრუნდი და დავბრუნდი ისე, რომ შევეცდები, ჩემი სახელი კიდევ ბევრჯერ შევიდეს ისტორიაში! ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს, ჩვენს ექიმსა და ფედერაციას გვერდში დგომისთვის! მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მოვიპოვე პირველი ოქროს მედალი და გავხდი პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საქართველოში“,- წერს ეთერ ლიპარტალიანი.