ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
„მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის ხელახალი მიღების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირში განმარტავენ, რომ ასევე შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობის არ არსებობა.