ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სახელმწიფო უსადფრთხოების სამსახურის და ბელარუსის კგბ-ის თანამშრომლობის შეთანხმებას საშიშს უწოდებს.
კრამონი Twitter-ის პოსტით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს იმ ადამიანების ექსტრადირება, რომლებიც რეპრესიებს ბელორუსიდან საქართველოში გამოექცნენ.
“ეს მართლაც ძალიან საშიშია.
რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე?
საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს ჟურნალისტების და უფლებადამცველების ექსტრადირება,” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ცნობისთვის, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და ქართულ სუს-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა.
შეთანხმება 2016 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სუს-ის მაშინდელმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მოაწერა.
5-წლიანი პროცედურული დაზუსტებების შემდეგ კი, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან, შეთანხმება ძალაში შევიდა.
დოკუმენტი ოფიციალურად 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.