2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მიიღო განაცხადების შიდა შერჩევის საფუძველზე.
“ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს”, — აცხადებს ჯგუფი საკუთარ იუთუბარხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, — “მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2022 წლის ევროვიზიისთვის ორიგინალური კონცეფცია შეიქმნა, ამ კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილი კი ისაა, რომ ჯგუფის წევრების ვინაობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი.









