მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება დღეს ბრიუსელისკენ არის მიპყრობილი, სადაც რამდენიმე საათში NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტები უნდა დაიწყოს.
სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის მიზანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი მოქმედებების კოორდინაცია და რუსეთის აგრესიაზე რეაგირებაა. ბრიუსელში უკვე იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრი სახლის ინფორმაციით, NATO-ს სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი ალიანსის გენმდივანს შეხვდება.
სამიტამდე ერთი დღით ადრე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის 24 მარტის შეხვედრაზე მოკავშირეებისგან ელის სრულ მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ნატოს პოზიციები ყველა მიმართულებით – ძალების მნიშვნელოვანი გაზრდით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში.
ცნობილია ასევე, რომ პოლონეთი აპირებს, სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა დანიამაც.
ვიდეოკონფერენციის რეჟიმში NATO-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი.