დღეს ცნობილი ქართველი ხელოვანის – მანანა მენაბდის იუბილე
მანანა მენაბდე დაიბადა ცნობილი მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის შემსრულებლების, დებ იშხნელების, ოჯახში. 16 წლის ასაკიდან მონაწილეობდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „რეროს“ კონცერტებში. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი ესტრადის რეჟისორის სპეციალობით.
მანანა მენაბდე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორად. 1980-იანი წლებიდან იყო მოსკოვის „იმპროვიზაციის თეატრის“ მსახიობი.
მანანა მენაბდე მართავს სოლო კონცერტებს, სადაც მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული რომანსების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს. მისი საავტორო მუსიკა პირველად აჟღერდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ (1982), სადაც თავად ასრულებს საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს. იგი, ასევე, გადაღებულია ფილმებში „არსენას ლექსი“ (რეჟ. ნანა ხატისკაცი, 1986) და „სიბრძნე სიცრუისა“ ( რეჟ. ოთარ კობერიძე, 1991). 1983 წელს BBC-ის რადიო და რადიო „თავისუფლება“ რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ.
მანანა მენაბდე წერს პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, ხატავს, ამზადებს კერამიკულ ნაკეთობებს; თანამშრომლობს ქართულ ფოლკლორულ ჯაზ-კოლექტივთან „შინ“.
ხელოვანი გასტროლებით იმყოფებოდა აშშ-ში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, იაპონიაში, ჩინეთში.
1991 წლიდან მანანა მენაბდე ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.










