დღეს რუსებთან კონტაქტი გვექნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მარკო რუბიოს განცხადებით, იმედი აქვს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ აშშ რუსეთისგან დადებით პასუხს მიიღებს.
„თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ამით ძალიან ბევრს გავიგებთ. ბურთი ნამდვილად მათ მოედანზეა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას „მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად საკმარისი შემაკავებელი საშუალება“ სჭირდება.
რუბიოს ცნობით, გუშინ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილეს.