ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები აქვთ მმართველ გუნდში.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირმა არ უნდა გამიჯნოს და კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ხოლო საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზე მყოფად დაასახელა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა არ გახდება ევროკომისიის მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
“იმ გადაწყვეტილებაში, რაც უნდა მიიღონ ჯერ ევროკომისიამ შემდეგ კი საბჭომ, მაკრონმა წამოსწია გეოგრაფიული ასპექტი, რაც ჩვენთვის სამწუხაროა გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფია არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ამ კრიტერიუმით არ იქნება ბოლო გადაწყვეტილება მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდაც თუ ეს ასპექტი დარჩება ძალაში, ამან შეიძლება შექმნას გართულებები ევროინტეგრაციის გზაზე. გვაქვს დიდი იმედი, რომ გეოგრაფიული მდებარეობა, რაც არაა ჩვენი დანაშაული, არ გახდება საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების წევრი ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს იმას, რომ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, საქართველო ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა.










