პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული კანონპროექტი დღის წესრიგიდან მოიხსნას.
„ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების დასაბუთებულ მოსაზრებებს. ასე რომ, დაველოდოთ ამ მოსაზრებას“, – ასე უპასუხა თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შეკითხვას, რამდენად შესაძლოა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება დღის წესრიგიდან მოიხსნას, თუ უცხოელი პარტნიორებისგან უარყოფითი დასკვნა მოვა.
ამასთან, თალაკვაძე ადასტურებს, რომ პროექტის ვენეციის კომისიასა და ოდირში გაგზავნის გადაწყვეტილება უცხოელების რჩევით მიიღეს.
„სახელმწიფომ მიმართა ვენეციის კომისიას და ოდირს, რომ მოგვცენ თავისი მოსაზრება მოკლე ვადაში, არა მხოლოდ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად იმ პაკეტებზე, რაც ინიცირებულია. ამ წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, რომ საზოგადოების პროტესტს, რეაქციებს ვითვალისწინებთ გადაწყვეტილების მიღების დროს ანუ, რასაც დემოკრატია თავისთავად გულისხმობს, რომ მოქალაქეების აზრი გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, ამაზე გვაკრიტიკებდნენ. ახლა, ირონიული დამოკიდებულება აქვთ, რომ პარტნიორების რჩევებით მოხდა ამ ვადების გადატანა მომდევნო წელიწადშიო. არ მერიდება იმის თქმა, რომ დიახ, ჩვენ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ვითვალისწინებთ საზოგადოების აზრს და პარტნიორების რჩევებს. დაველოდოთ მათ მოსაზრებას, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიას მივმართეთ, უკვე მიუთითებს, რომ ძალიან დემოკრატიული პოზიცია გვაქვს“, – აღნიშნა მან და შეკითხვაზე, გაიგზავნა თუ არა კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთოში უცხოელების რჩევით, დასძინა: „დიახ, იყო ასეთი რჩევა და ამ რჩევებს ვითვალისწინებთ ყოველთვის, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში“.










