გვიან ღამით ტრაგედია მოხდა არაგვისპირში, ნასვამი პოლიციელი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცავალა.
ახლობლების თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც გზაზე გადარბოდა, მეორე მხარეს დედა ელოდებოდა. ის საკუთარი შვილის გარდაცვალებას შეესწრო.
“გზაზე გადაირბინა, მეორე მხარეს დედა ელოდებოდა და ამ დროს დაეჯახა მანქანა. აქ ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები, ყირაზე გადადიან მანქანები” – განაცხადა დაღუპული არასრულწლოვანის ახლობელმა.
დანაშაული უკვე გახსნილია, პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.