„გაბედეს“ წევრის გაგი ახალაძის პირველი სასამართლო მოსმენა დასრულდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 30 დეკემბერს გამოაცხადებს. “გაბედეს”
აქტივისტს, რომელსაც მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქებზე პოლიტიკოსების ფოტოებით სათამაშოების დაკიდების გამო 1000 ლარიანი ჯარიმის ოქრმი გამოეწერა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი იცავს.
ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს. “გაბედეს” აქტივისტებმა 11 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხეზე ეგრედ წოდებული ”ბიძინას სათამაშოების” დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიისა და შსს-ს თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წევრების ფოტოებით შექმნილი სათამაშოები მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქებზე განათავსეს.
დღესვე 5 საათზე ამავე საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პარტია ,,თავისიფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის გოგი წულაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.