შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული. რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.