შვიდმა დასავლურმა ქვეყანამ მოაწერა ხელი რუსეთის მისამართით ერთობლივ განცხადებას მოწოდებით, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და დაუყოვნებლივ გაიყვანოს იქიდან ჯარები. საფრანგეთმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ, ესტონეთმა და ალბანეთმა რუსეთს მიმართეს მოწოდებით, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება.
მათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა გააპროტესტეს და განცხადება გააკეთეს მოსკოვსა და თბილისს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე.
როგორც 4 აგვისტოს, ნიუ-იორკში, გაეროში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩანს, ერთობლივი მოწოდება 2008 წლის მოვლენების წლისთავს მიეძღვნა.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას […] დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს“, – ციტირებს განცხადებას „კავკაზსკი უზელი“.
განცხადების ავტორთა აზრით, „რუსეთის ქმედებები აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“.
„ჩვენ ვახსენებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელშიც ითქვა, რომ ახორციელებს რა ეფექტიან კონტროლს […] აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სამხედრო ტყვეების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე, ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნებაში ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გამოუძიებლობაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, განცხადების ავტორებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის არცერთ საერთაშორისო მექანიზმს არ მისცემია შეუზღუდავი წვდომის საშუალება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე“.