„ემიგრანტებს მთავრობა ქონების გადასახადთან დაკავშირებით არაფერს უხსნის, რადგან არ აწყობს, კარგს ვერაფერს ეტყვის. არ უნდათ მილიონამდე ადამიანის და აქ მყოფი მათი ოჯახის წევრების გაბრაზება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.
კერძოდ, მისი თქმით, როცა უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქე (ან არამოქალაქე) ფულს უგზავნის თავისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ეს ფული მიმღები პირებისათვის არის შემოსავალი. შესაბამისად, თუ ეს თანხა წლიურად აღემატება 40 ათას ლარს, ფულის მიმღები ოჯახი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი.
რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ქონების გადასახადთან დაკავშირებით?!
ემიგრანტებს მთავრობა ქონების გადასახადთან დაკავშირებით არაფერს უხსნის, რადგან არ აწყობს, კარგს ვერაფერს ეტყვის. არ უნდათ მილიონამდე ადამიანის და აქ მყოფი მათი ოჯახის წევრების გაბრაზება. არა და დიდი გაუგებრობაა და ხალხი დაბნეულია.
რამდენიმე რამე უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში:
1. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს წლებია უცხოეთში, არაა საქართველოს რეზიდენტი, უცხოეთში გამომუშავებული ფული აქ არ იბეგრება და არც ქონების გადასახადს იხდის საქართველოში.
2. როცა უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქე (ან არამოქალაქე) ფულს უგზავნის თავისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ეს ფული მიმღები პირებისათვის არის შემოსავალი. თუ ეს თანხა წლიურად აღემატება 40 ათას ლარს, ფულის მიმღები ოჯახი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი. მიღებული ფული კი არ იბეგრება, არამედ მიმღების ქონება.
3. თუ ფულის მიმღები აქ მუშაობს და მას არ უგროვდება 40 ათასი ლარი შემოსავალი, მაგრამ უცხოეთიდან მიღებული გზავნილების დამატების შემდეგ საერთო შემოსავალი გადასცდება 40 ათას ლარს, მაშინ იგი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი.
4. მიუხედავად იმისა, აგზავნი თუ არა უცხოეთიდან ფულს საქართველოში, ხარ თუ არა რეზიდენტი (ანუ დროის უმეტეს ნაწილს ატარებ უცხოეთში), თუ გაქვს მიწის ნაკვეთი, მასზე უნდა იქნას ქონების გადასახადი გადახდილი.
ერთი უცნაური კითხვა, რომელიც ამ წუთას მომწერა ბათუმიდან ერთმა ქალმა: ქმარი არის მეზღვაური და უნდა გადაიხადოს თუ არა ქონების გადასახადი. ლოგიკურად ასეა: თუ ის უცხო ქვეყნის გემზეა 6 თვეზე მეტი, უკვე არაა საქართველოს რეზიდენტი და არ უნდა უწევდეს წესით. მეორეს მხრივ, თუ ის ცოლის ანგარიშზე რიცხავს ფულს, ეს ოჯახის შემოსავალია და უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი. რთული შემთხვევა იმიტომაც არის ეს, რომ იგი ფულს რიცხავს საკუთარ ანგარიშზე ქართულ ბანკში. ფულის წარმოშობის წყარო უცხოურია, საქართველოს რეზიდენტი არ არის. ფრანგულ ბანკში რომ ჩაერიცხა, ერთმნიშვნელოვნად, არ ჩაითვლებოდა აქაურ შემოსავლად და არც მოუწევდა ქონების გადასახადის გადახდა. ამაზე საგადასახადომ უნდა გასცეს პასუხი. პირველ რიგში რეზიდენტობაა დასადგენი.
გუშინ ამერიკიდანაც მომწერეს, რომ ფულს არა ნათესავის, არამედ საკუთარ ანგარიშზე რიცხავს ქართულ ბანკში. ასეთ შემთხვევაში არ იქნება სწორი რაიმე რჩევის მიცემა. ეს ისეთი დეტალებია, რომელიც ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ხალხს ელაპარაკოს, განუმარტოს, უთხრას როდის აპირებენ ახალი, დროის ადეკვატური კანონის მიღებას, ავრცელებენ განცხადებას, რომ ნუ პანიკობთ, არაფერი შეცვლილა კანონში, ტელევიზიები და ექსპერტები ძაბავენ ვითარებასო. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მართლაც არაფერი შეცვლილა და ასეულ ათასობით ადამიანს უწევს უკვე ამ გადასახადის გადახდა შემოსავლებისა და ფასების ზრდის გამო და არც კი იციან ეს. ეს ადამიანები რეპრესიების პოტენციური სამიზნეები შეიძლება გახდნენ.
კანონი თუნდაც იმიტომ არის შესაცვლელი, რომ ქონების შეფასებას ახდენს თავად გადამხდელი. ერთ სადარბაზოში მცხოვრებმა ორმა პირმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული თანხა შეიძლება ჩაწეროს დეკლარაციაში. ასეთი წესი ხელისუფლების ხელში ძალიან საშიში ბერკეტია. ამაზე წლებია საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მიუთითებს.
როდესაც საკითხი ერთ მილიონამდე ჩვენს მოქალაქეს ეხება, ამაზე ხელისუფლება ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს”, – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.










