ქიოსის სამწევრიანმა სისხლის სამართლის სასამართლომ 31 წლის საქართველოს მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ქალი დაუდევრობით გამოწვეულ ხანძარში ცნეს დამნაშავედ. ინციდენტი გასულ ორშაბათს დილით, ქიოსის ლეპტოპოდას რაიონში მოხდა.
საქმის დეტალებით ცნობილია, რომ ქალი კუნძულზე სულ რაღაც 24 საათით ადრე ჩავიდა სამუშაოდ. მას მოხუცი ქალის მომვლელად უნდა ემუშავა, რომელიც ასევე ლეპტოპოდას რაიონში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც ქალმა ნახევრად ჩამქრალი სიგარეტი გზაზე გადააგდო, მიმდებარე მცენარეულ საფარს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას ჰყავდნენ თვითმხილველები.
ეს შემთხვევა განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა იმ პერიოდში, როცა ქიოსის ცენტრალურ ნაწილში უკვე მძვინვარებდა დიდი ხანძარი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს მძიმე ზიანი მიაყენა.
სასამართლომ, განხილვის პროცესში, გაითვალისწინა, რომ ამ შემთხვევამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვია, თუმცა ქმედება განზრახ დანაშაულად არ მიიჩნია და შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი დააკისრა.
სასჯელი მოიცავს სამ წლიან პატიმრობას და 10 000 ევროს ოდენობის ფულად ჯარიმას. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და აღსრულებას დაექვემდებარა. ქალი სასჯელს საბერძნეთის ციხეში მოიხდის.
ქიოსის კუნძულზე ბოლო წლებში ხშირია ხანძრების შემთხვევები, რასაც ხელს უწყობს ცხელი კლიმატი, მშრალი ბუნება და მცხუნვარე მზე. ადგილობრივი ხელისუფლება მკაცრად ებრძვის მსგავს ინციდენტებს, რათა დაიცვას როგორც მოსახლეობა, ისე ბუნებრივი რესურსები.