თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიან პატიმრობაში გაუშვა.
დაკავებულებს შორის არიან ცნობილი მხატვარი, ყოფილი პოლიციელი და ტაქსის მძღოლი, რომელსაც, როგორც დღევანდელ პროცესზე თავად განაცხადა, მგზავრებმა 2 000 ლარი წაართვეს, რის შემდეგაც მის მეგობრებს დახმარება სთხოვა, რომელთა შესახებაც არ იცოდა, რომ ისინი კრიმინალურ სამყაროსთან იყვნენ დაკავშირებულები.
ამასთან, ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი კაპანაძემ, რომელმაც სასამართლოში ვრცლად ისაუბრა მის საქმეზე, თქვა, რომ ამ საქმეში თავად არის დაზარალებული, მისი თქმით ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რის გამოც 32 დღის განმავლობაში ლოგინიდან ვერ დგებოდა და მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდა თავის ბავშვობის მეგობარს [“ფაიფურას”] მიმართა და დახმარება სთხოვა.
“ადამიანებს კრიმინალებად ნუ აქცევთ. თუ მე კრიმინალს დამარქმევთ, მართლა ისეთ კრიმინალად ვიქცევი, როგორიც ჯერ არ გინახავთ.
მე თავად დაზარალებული ვარ – 21 დღე ვიწექი, ყბა და სახე დამსხვრეული მქონდა. 32 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. ვის მივმართე, ხალხო? სირცხვილი არ არის? ვინმემ გამოიძია ჩემი ცემის საქმე?
აქეთ დამასახიჩრეს – ფეხზე თუ დავდგებოდი ოდესმე, არავის ეგონა. და ახლა რისთვის მასამართლებთ? იმისთვის, რომ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობ?
“ფაიფურა” ჩვენ ბავშვობაში შევარქვით. ფაფას არ ჭამდა და დედა ეუბნებოდა – ჭამე, ნუ ხარ ფაიფურაო. მეზობლებმაც ასე დავუძახეთ.
რა კავშირი აქვს ამას “კანონიერ ქურდებთან”? ეს რომ მდომოდა, ბიძა მყავს კანონიერი ქურდი, მაგრამ მასთან კონტაქტი წლებია შეწყვეტილი მაქვს,” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ სასამართლოში.
ღევანდელ პროცესზე დუმილი გიორგი კაპანაძის გარდა არცერთ ბრალდებულს არ დაურღვევია.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე “ტურიკელა”, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. “მაყურებლების” — “ფაიფურასა” და “გრიშიჩის” დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის “ტურიკელაზე”, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ “ფაიფურა” და “გრიშიჩი”. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, თუ როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.









