გუშინ საღამოს თბილისის მეტროში მგზავრი დაიღუპა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 30 წლამდე კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში იმ დროს ჩააგდეს, როდესაც სადგურში მატარებელი შემოდიოდა.
„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“.
„საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, – წერენ თვითმხილველები.
თვითმხილველების თქმით უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მეტროს მემანქანე, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმედ აღიქვა. ამბობენ, რომ ის დამუხრუჭებას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი უკვე სადგურში იყო შემოსული.
“ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, მემანქანე ფიზიკურად ვერაფერს იზამდა. ეტყობა, რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ ჰკრა ხელი და ჩააგდო მამაკაცი, რომელიც ამბობენ, რომ იქნება 40 წლამდე. დამნაშავე იქვე დაუკავებიათ, არ ვიცი, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს დამნაშავე.
ძალიან განვიცდით ამ ფაქტს. როგორც მითხრეს, მემანქანე საშინლად განიცდის. ფიზიკურად დამუხრუჭებას ვერ შეძლებდაო ამბობენ, ამ მემანქანეს ეს სტრესი უნდოდა ახლა, მასაც თავს გადახდა ტრაგედია. შვილი ჰყავს გარდაცვლილი – მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ავარიით დაეღუპა. ამხელა ტრაგედია გადახდა თავს და ახლა ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველია. ყველა ამბობს, ვერაფერს იზამდა, ისე ახლოს იყო უკვე მატარებელი. სხვა არაფერი ვიცი. იმედია დაისჯება დამნაშავე” – ჰყვება თვითმხილველი.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.