თბილისის მერი ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმაურება – კახა კალაძე წერს, რომ დაკარგა მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა.
“ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.”-წერს კალაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს მისმა ოჯახის წევრებმა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიას ჯერ არ გაუვრცელებია.