საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.
- როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო.
“მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი, “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას. პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.
შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა ამილახვარმა.
“განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა” – განაცხადა ამილახვარმა.
რას ამბობდა პოლიტიკაში მოსვლაზე?
მთავარი მოტივაცია, რატომაც პოლიტიკაში შემოსვლას დავთანხმდი, იყო ის, რომ სრულად შემდგარი ადამიანი ვიყავი იმ სოციუმში, სადაც ვმოღვაწეობდი, როგორც რეპუტაციული და კარიერული კუთხით, ისე – მატერიალურადაც. ვიცოდი, რამდენი პრობლემა იყო განათლებაში და მინდოდა კარგი საქმის კეთების ბერკეტი და შესაძლებლობა მომცემოდა. ძალიან მინდოდა ერთი აგური მეც დამედო, განსაკუთრებით განათლების სისტემის განვითარებაში, ვინაიდან, მთავარი განძი, რაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს ჩვენი გონება, ჩვენი ცოდნაა. ცოდნასაც დაგროვება და შექმნა სჭირდება, ის თავისით არ მოდის. როცა გაჩნდა შესაძლებლობა, მივიღე რთული გადაწყვეტილება და კომფორტის ზონიდან პირდაპირ ქარცეცხლში გადავეშვი. ჩემი ოჯახის წევრები, შესაძლოა, არც ეთანხმებოდნენ ჩემს ამ ნაბიჯს, მაგრამ არასდროს ვუშინდებოდი გამოწვევებს, პირიქით, მიმაჩნია, რომ გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება სწორედ წარმატების საწინდარია.
წყარო: ამბები.ge