ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს მუხტი შეინარჩუნოს, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ.
“პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა ის, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს – სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც ამბობენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.