დღეს, წმ. ნიკოლოზის მამათა მონასტერში /წყალტუბო, სოფ. რიონი/ არქიმანდრიტმა მამა ნიკოლოზმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად, მამა ნიკოლოზის ის სულიერი შვილები დაესწრნენ, რომლებმაც მამა ნიკოლოზთან თანამშრომლობის შედეგად, ღვთისმსახურების გზა აირჩიეს. ისინი საქართველოს ეკლესია-მონასტრებში აგრძელებენ მოღვაწეობას და ,,ნიკოლოზობას” განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნავენ.
მამებმა მოძღვარს წმინდანის დღე გულითადად მიულოცეს და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს. მამებმა ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაიუბრეს და მამა ნიკოლოზთან თანამსახურების მნიშვნელოვანი ეპიზოდებიც გაიხსენეს, რომელიც შრომით, უფლისადმი მორჩილებითა და სასოებით გამოირჩეოდა.
მამა ნიკოლოზმა უფალი ადიდა და აღნიშნა, თუ რა დიდი ძალა და მადლი აქვს წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას. წმინდანი სამაგალითოა, მისი გასაოცარი ქველმოქმედებითა და მოყვასზე ზრუნვით. მან ასევე მოუწოდა მრევლს, რწმენაში გაძლიერებისა და ქრისტიანული ცხოვრების წესის ერთგულებისაკენ, რადგან მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მორწმუნის პასუხისმგებლობას.
,,ეკლესიური თუ ხარ სამაგალითო უნდა იყო მოთმინების და სარწმუნოების კუთხით“-განაცხადა მამა ნიკოლოზმა. ,,ასეთი ცხოვრება, მოწესრიგებული ცხოვრებაც ქადაგებაა, ამით წმინდა ნინოს ქადაგების ტოლ მადლს მიიღებ. წმ. ნიკოლოზი ყველას მფარველია , შეგეწიოთ მისი მადლი. დაგლოცოთ ღმერთმა და თქვენი გულის თხოვნა შეგისრულოთ, რაც თქვენი სულისა და შემდეგ ხორცისათვის მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ყოველთვის, ახსენეთ თქვენი მფარველი წმინდანების სახელები“
მამა ნიკოლოზით თქმით, გონიერ და გულისხმიერ ლოცვას უფალი ყოველთვის შეისმენს და ეს, ლოცვის დროს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს მორწმუნეს.
19 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ,,ნიკოლოზობას“ აღნიშნავს. წმ. ნიკოლოზი მესამე საუკუნეში, რომის იმპერიაში დაიბადა. მის სახელს არაერთი სასწაულის აღსრულება უკავშირდება, რის გამოც წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი უწოდეს. წყაროებიდან ცნობილია რომ წმ. ნიკოლოზი ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად ითვლება.
არსებობს მოსაზრება, რომ სანტა კლაუსის თანამედროვე ვერსიას, მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვეულებასთან დაკავშირებული ლეგენდები დაედო საფუძვლად. წმ. ნიკოლოზი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია, რომლის სახელზეც არაერთი ეკლესია- მონასტერი აიგო.
იტალიის ქალაქ ბარში, იქ, სადაც წმ. ნიკოლოზის საფლავია, ხშირად შეხვდებით ქართველ მომლოცველებს. ქართველებისათვის წმ. ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანი და მეოხია.
19 დეკემბერს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წმ. ნიკოლოზის სახელზე, სადღესასწაულო წირვა აღესრულა.










