„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.
გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.