აისბერგი, რომელიც ანტარქტიდიდან დაიძრა, ბრიტანეთის ტერიტორიის, სამხრეთ ჯორჯიისკენ მიემართება, რომელიც ველური ბუნების თავშესაფარია.
ყინულის გიგანტური მასა ამჟამად 280 კმ-ით არის კუნძულთან დაშორებული. ბიოლოგები აცხადებენ, რომ შეჯახებამ შესაძლოა ყინულოვანი მასა ნაწილებად დაამსხვრიოს, რაც სამხრეთ ჯორჯიაზე არსებული პინგვინებისა და სელაპების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
“აისბერგები არსებითად საშიშია. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ის უბრალოდ გამოგვტოვებდა”, – განუცხადა საზღვაო კაპიტანმა საიმონ უოლესმა BBC News-ს სამხრეთ ჯორჯიას სამთავრობო გემი “ფაროსიდან” საუბრისას.
მეზღვაურთა და მეთევზეთა ჯგუფი გულმოდგინედ ამოწმებს სატელიტის სურათებს, რათა აკონტროლონ აისბერგების ყოველდღიური მოძრაობა.
აისბერგი მსოფლიოში ცნობილია სახელწოდებით A23a და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.
ის 1986 წელს ანტარქტიდაში ფილხნერის ყინულისგან ჩამოიშალა, მაგრამ ზღვის ფსკერზე გაიჭედა და შემდეგ ოკეანის მორევში ჩაიძირა. საბოლოოდ, 2024 წლის დეკემბერში გათავისუფლდა და ახლა მოგზაურობს.
აღსანიშნავია, რომ ანტარქტიდის ჩრდილოეთით არსებული შედარებით თბილი დინება, აისბერგის მოცულობას ასუსტებს. ოდესღაც ის 3900 კვ/კმ იყო, მაგრამ უახლესი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ნელ-ნელა მოცულობა იკლებს და ახლა დაახლოებით 3,500 კვ.კმ-ია.
- ეს არ არის პირველი უზარმაზარი აისბერგი, რომელიც ემუქრება სამხრეთ ჯორჯიასა და სენდვიჩის კუნძულებს.
2004 წელს ერთ-ერთმა აისბერგმა სახელწოდებით A38 -მა რეგიონში მცხოვრები პინგვინებისა და სელაპების სიკვდილი გამოიწვია. ყინულის მასიური ნაჭრები ბლოკავდა მათ წვდომას საკვებ ადგილებზე, რის გამოც იზოლირებული ბინადრები შიმშილისგან დაიღუპნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამეფო პინგვინების კოლონიები და მილიონობით სელაპი ცხოვრობს.