„ძალიან სტრესულია. მქონდა შემთხვევა, პაციენტს ველაპარაკებოდი, გამოვედი და უცებ თრომბმა დაარტყა, ეს როგორი სანახავია?!… გვქონია შემთხვევები, ღამეში 3-4 გარდაცვლილა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ბოლო წუთამდე, ყველა რესურსი იხარჯება, რომ პაციენტი გადარჩეს და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ხდება“.
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ ექთნების შრომის პირობების კვლევა დაიწყო.
ამ ეტაპზე გამოკითხვაში მონაწილეობა 172-მა ექთანმა მიიღო, რაც კვლევის ავტორებს ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობას აძლევს. „პუბლიკა“ პროფკავშირის წარმომადგენელს, რევაზ კარანაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო გამოეკვეთა განსხვავება პანდემიურ პერიოდსა და პრეპანდემიურ პერიოდს შორის გამოწვევისა და სამუშაო დატვირთვის კუთხით, როგორც პაციენტების რაოდენობის ზრდის, ასევე შემოსავლის კუთხით. გარდა კვლევისა, მისი თქმით, პროფკავშირს ყოველდღიური კონტაქტი აქვს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებულ ექთანთან.
ეკა მალანია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს.
„პუბლიკასთან“ ყვება, რომ რამდენად მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ. ყვება ყველაფერზე, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო პერსონალი დააყენა.
„შევეჩვიეთ ჩვენს რუტინულ მუშაობას. რა თქმა უნდა, ძალიან გადაღლილები, გადამწვარები ვართ, მაგრამ რაც არ უნდა ვიძახოთ, პაციენტებს ვჭირდებით“.
ეკა ჰყვება, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში 24-საათიანი მორიგეობა უწევს. სმენა დილის 9 საათზე იცვლება. ექიმებთან ერთად დილის შემოვლაზე მთელი დღის განრიგი იწერება – ვის სისხლის ანალიზის აღება სჭირდება, ვის კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ. ამასთან ერთად სანიტრების ფუნქციასაც ასრულებენ.
„ჩვენ სანიტრებიც ვართ და ექთნებიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სანიტარი პაციენტს არ ეკარება. სუდნო, პაციენტის ჩაბანა, დაბანა, საჭმლის მიცემა – ჩვენა ვართ“, – ამბობს ის.
ეკა იხსენებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ, საღამოს ისევ მისულა საავადმყოფოში და 12 საათი უმუშავია. როდესაც ექთნების ნაწილი დაინფიცირებული იყო და ხალხი არ ჰყოფნიდათ, როდესაც კოლეგას მორიგეობის გადაცვლა სჭირდებოდა და ა.შ.









