20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გამოძიება ყველაფრის შესახებ დაადგენს ჭეშმარიტებას.
„ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს, 85,000 ევრო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.










