გერმანიაში ფედერალურმა და შტატის მთავრობებმა საკარანტინო შეზღუდვების გაძლიერება შეათანხმეს, თუმცა ეროვნული “ლოქდაუნი” არ გამოცხადდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
“ვაქცინაცია, ვაქცინაცია და მეტი ვაქცინაცია – ეს არის კოროვირუსისგან ჩვენი დაცვის სტრატეგია… ჩვენ ყველა დავიღალეთ პანდემიით, მაგრამ ჩვენ მის წინააღმდეგ ერთად უნდა დავდგეთ”, – განაცხადა კანცლერმა.
შოლცის თქმით, გერმანიის 84 მილიონიანი მოსახლეობიდან თითქმის 60 მილიონი მოქალაქე უკვე აცრილია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელების შენელებისთვის აუცილებელია კონტაქტების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც “საახალწლოდ შეკრების აკრძალვას” გულისხმობს.
კერძოდ, არავაქცინირებული პირებისთვის ოჯახში 2 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი, აცრილებისთვის კი – 10 ადამიანის.
“ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებები არ იქნება”, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა განმარტა, რომ ყველა შეზღუდვა ძალაში 28 დეკემბრიდან შევა.
ამასთან, ამ პერიოდში დაიხურება კლუბები და დისკოთეკები, ფეხბურთის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. აიკრძალება ფოეიერვერკების გაყიდვა და გამოყენება.
ამასთან, ძალაში რჩება ადრე შემოღებული შეზღუდვები არავაქცინირებულებისთვის.
შოლცის შემდეგი შეხვედრა მიწების პრემიერ-მინისტრებთან 7 იანვარს გაიმართება.