8 მაისს, გერმანიის პროფკავშირების ასოციაციის ყრილობის გახსნაზე, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პუტინი მკვლელობებში, ტყუილსა და ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა. გერმანიის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.
———————————————
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „კავშირის გაწყვეტა იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ თავისთავად არსებულ რეალობად აღვიქვამდით. ეს ეპოქის გარდამტეხი მომენტია“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც თავს დაესხა უკრაინას, „საბოლოოდ ანგრევს ევროპული მსოფლიო წესრიგის საფუძვლებს“.
გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაზე თავდასხმას მიიჩნევს „შეტევად ლიბერალური დემოკრატიის იდეაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ის ეფუძნება: ეს არის თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ადამიანის ღირსება“.
შტაინმაიერმა მკვეთრად გააკრიტიკა პუტინი: „როცა ის საუბრობს ფაშიზმზე, „დენაციფიკაციაზე“, ის იტყუება“. ეს არის „ისტორიის ვერაგული და ცინიკური დამახინჯება“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინის მიერ ნაციონალ-სოციალიზმთან ბრძოლის “უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, უკანონო, აგრესიულ ომთან” გაიგივება არის ისტორიისადმი ცრუ და ცინიკური შეურაცხყოფა”.
„დენაზიფიკაციის“ საბაბით რუსეთის პრეზიდენტი „კლავს იმ ადამიანებსაც კი, ვინც ჯოჯოხეთი გამოიარა, მათ შორის ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებსაც კი“.
ამავდროულად, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ეს ომი აიძულებს გერმანიას და ევროპას გამოიტანონ მტკივნეული დასკვნები: „ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვიყავით, რომ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ბუნებრივია“.
გერმანიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის პირადადაც ცდებოდა და არ სჯეროდა იმის შესაძლებლობას, რომ პუტინი “თავის იმპერიულ სიგიჟეში” მზად იყო საკუთარი ქვეყანა მიეყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ განადგურებამდე.
შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ გერმანია ამას აკეთებს „სრული რწმენით და მთელი გულით“, ისევე როგორც მისი ევროპელი მეზობლები.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი










