ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილთა შორის აშშ-ის 94 მოქალაქეა, მათ შორის არიან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური კენეთ მაკკენზი. ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა .
მისივე თქმით, ირანისა და ერაყის სასამართლო ხელისუფლებები ამ საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობენ, გაერთიანებულმა კომიტეტმა თეირანსა და ბაღდადში უკვე სამი შეხვედრა გამართა, მეოთხე რაუნდი კი რამდენიმე დღეში გაიმართება. მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკელების გარდა, ეჭვმიტანილთა სიაში ასევე არიან გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ 4 ქვეყნის მოქალაქეები.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.