გახარიამ გაიაზრა, რომ კომისიაზე მეორედ განადგურდებოდა და უცხოეთში გაიქცა, თუმცა მანიპულაციები რომ არ დარჩეს, ჩართვის შესაძლებლობა მივეცით – იმედია, ტელეეკრანიდან მაინც არ შეეშინდება კომისიის, კომისიის წევრების და იმ კითხვების, რომელზე პასუხებიც არ იქნება მარტივი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას შეეშინდა და კომისიაზე მეორედ გამოძახების შემდეგ, საზღვარგარეთ გაიქცა.
„პირველი მოწვევის დროს გახარია ამბობდა, რომ მოვიდოდა და დაამთავრებდა კომისიას, მაგრამ მოვიდა კომისიაზე და თვითონ დამთავრდა იმიტომ, რომ პასუხები არ ჰქონდა კითხვაზე. როგორც ჩანს, ამის შეეშინდა მეორე გამოძახების დროს და მერე გაიქცა უცხოეთში იმიტომ, რომ უწყების ჩაბარების დროს არ თქვა, რომ ის მეორე დღეს აპირებდა უცხოეთში წასვლას. როგორც ჩანს, ეს გაიაზრა, რომ მეორედ განადგურდებოდა კომისაზე, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც ჩორჩანას და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები მოვიდნენ კომისიაზე და პირდაპირ თქვეს, რომ საგუშაგოს დადგმის შემდეგ, დაკარგეს დაახლოებით, მილიონი კვადრატული მეტის ტერიტორიის სარგებლობის შესაძლებლობა. ამიტომ გაიქცა და იქაც მივეცით საშუალება, რომ 10 დღის განმავლობაში ჩამოსულიყო და კომისიაზე მობრძანებულიყო. შეეშინდა და არ ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში, მანიპულაციები რომ არ დარჩეს, ჩართვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მივეცით გახარიას, იმ დათქმით და იმ პირობით, რომ იმედია, ახლა ტელეეკრანიდან მაინც არ შეეშინდება კომისიის და კომისიის წევრების და რაც ყველაზე მთავარია, იმ კითხვების, რომელზე პასუხებიც, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.