ტყიბულის მეშახტეები გაფიცვას აგრძელებენ. ისინი ხელფასის ზრდას ითხოვენ.
გაფიცვის მეორე დღეს დაქირავებულებს კომპანია “საქნახშირის” ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი შეხვედრა ექნებათ. თანამშრომლები სახელფასო სარგოს ფიქსირებულად მომატებას ითხოვენ, კომპანია კი მათ ბონუსურ სისტემას სთავაზობს.
პროფკავშირებში იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება დადებითი შედეგით დასრულდება.
გუშინ, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა უარი თქვა ხელფასის ფიქსირებულად გაზრდის შესახებ. მან გაფიცულებს საბონუსე სისტემა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დანამატს მხოლოდ ის თანამშრომლები აიღებენ, ვინც გეგმას 100%-ით შეასრულებს. მიხეილ სოცკის განცხადებით თანამშრომლები ხშირად არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ სამუშაოს. მისი თქმით, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რომ მათ “ან ეძინათ, ან საერთოდ არ ცხადდებოდნენ სამსახურში”.
გაფიცულები კი ამბობენ, რომ ანაზღაურება, რომელიც თვეში 650-800 ლარამდე მერყეობს არსებული კრიზისის ფონზე არასაკმარისია.










