გაუპატიურების მცდელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მუქარა დუშეთში – საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო.
ამის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით, გაუპატიურებითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.