საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 68 წლის მამაკაცია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს.
„პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა “კოვიდ 19”. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა კრიტიკული პაციენტი ჩვენთან გადმოდის. ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.










