ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კორონავირუსის სიმპტომების უმეტესობა გამოჯანმრთელებიდან 12 თვის განმავლობაში ქრება.
ამასთან, სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარი დაავადების სიმპტომებს გამოჯანმრთელებიდან ერთი წლის შემდეგაც უჩივის.
მკვლევრებმა, კორონავირუსით ინფიცირებული 1,276 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც დაავადება 6-12 თვის წინ გადაიტანეს. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების უმეტესობა გამოჯანმრთელებიდან ერთი წლის შემდეგ გაქრა, დაახლოებით ნახევარს მაინც მინიმუმ ერთი მუდმივი სიმპტომი აწუხებდა.
მათ შორის, ყველაზე გავრცელებული იყო მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და კუნთების სისუსტე. ხოლო ყოველი მესამე პაციენტი უჩიოდა ქოშინს და ფილტვის სხვა პრობლემებს.
ნაშრომის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ საჭიროა მეტი კვლევა COVID-19–ის გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად.