გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი სოფიო ძიგრაშვილი. ქალბატონმა სოფიომ ის პასუხისმგებლობა გაგვიზიარა,რომელიც მას მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენამ განაპირობა.
“მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე გეტყვით რამოდენიმე სიტყვით, გლობალური კამპანიის ნაწილია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ,2017 წლიდან საქართველომ მოიპოვა უფლება გამხდარიყო ამ კამპანიის ნაწილი და წელს მეექვსედ გაიმართა.
თვითონ კონკურსში მონაწილეობასაც აქვს წინაპირობა, მე როგორც ერთ ინდივიდს,სოფიო ძიგრაშვილს არ შემიძლია მონაწილეობა მივიღო თუ ვინმე არ წარმადგენს. ეს შეიძლება იყოს მშობელი,მასწავლებელი,საინიციატივო ჯგუფი. მე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარმადგინა ჩემი სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ,რომელიც თავად არის 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი ,შესაბამისად ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული.
შემდეგ დაიწყო კონკურსის ეტაპები,ჩემი მონაცემების გადაგზავნა, გასაუბრება და მერე ათეულის შერჩევა .ათეულში გასვლის შემდეგ უკვე იყო ხუთეულის გამოვლენა და 5 ფინალისტის გამოვლენის შემდეგ აირჩა საუკეთესო მასწავლებელი 2022 წლის.მე მოვხვდი საუკეთესო 5 ფინალისტს შორის.
ამ ჯილდოზე წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით,მაგრამ ერთს გამოვყოფ_წელს იყო პირველი პრეცედენტი როდესაც სპეციალური განათლების პედაგოგი იყო ათეულის წევრი და მერე უკვე ხუთეულის წევრი. 2022 წლამდე მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონია მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.
მთელი გზა რომელსაც მე გავდიოდი ამ კონკურსის მსვლელობის დროს იყო უდიდეს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული,არა იმიტომ რომ მე ჩემი სკოლის სახე ვიყავი, სპეციალური განათლების პედაგოგთა არმია იდგა ჩემს უკან,რომელიც არამხოლოდ სოფიო ძიგრაშვილის გულშემატკივარი იყო,არამედ საკუთარი პროფესიის” გვიყვება სოფიო ძიგრაშვილი.