ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საჯარო სკოლებში ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საპილოტე პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირება წარმოადგენს, რისთვისაც INSPIRE მეთოდოლოგიას საქართველოს 3 საჯარო სკოლაში გამოიყენებს.
პირველი შეხვედრა PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ სკოლის შეფასების მიზნით 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მათთვის ცნობილ შემთხვევებზე; გაიხსენეს მათთვის ნაცნობი ისტორიები, ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით სკოლების გამოწვევებზე და ორგანიზაციის წარმომადგენელს პრობლემების აღმოსაფხვრელად თავიანთი ხედვა გაუზიარეს.
როგორც ორგანიზაციიდან იუწყებიან INSPIRE მეთოდოლოგიის გამოყენებით, PHR-ი მოსწავლეებთან და სკოლის სფეროს პროფესიონალებთან – მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, – შეხვედრებს იწყებს. მათივე ცნობით შეხვედრების ფარგლებში ორგანიზაცია შეაფასებს და გამოავლენს სკოლებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სკოლებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს. გამოვლენილ შედეგებზე დაყრდნობით, სკოლებში ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც მიმართულია ბავშვებისა გაძლიერებისკენ და მათთვის სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. PHR-ი დააკვირდება, როგორ მუშაობს მეთოდოლოგია შერჩეულ სკოლებში.
“‘INSPIRE’- მეთოდოლოგია ხაზს უსვამს შვიდი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. ესენია: კანონმდებლობა და აღსრულება; ნორმები და ღირებულებები; უსაფრთხო გარემო; მშობლებისა და ბავშვზე მზრუნველი სხვა პირების მხარდაჭერა; შემოსავალი და ეკონომიკური გაძლიერება; რეაგირება და მხარდამჭერი მომსახურებები; განათლება და სასიცოცხლო უნარები.
‘INSPIRE’ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ მიმართულებათა ერთობლიობაა. მისი მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა. ‘INSPIRE 7’ სტრატეგია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მსოფლიო ბანკმა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (US CDC), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ (UNODC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. ‘INSPIRE’-ის შვიდი სტრატეგიული მიმართულებიდან ექვსი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას მიემართება, ხოლო ერთი – ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას.
PHR-მა საერთაშორისო ორგანიზაციისგან “Child Hub”, მოიპოვა კომპეტენცია INSPIRE-ის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად, რასაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერილი პროექტის – „ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საჯარო სკოლებში“ ფარგლებში განახორციელებს.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.