საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უწყების განცხადებით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი ედება ბრალად, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2025 წლის 14 ივნისს მოხდა. ბრალდებული, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მყოფი სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.