“ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაკრებს ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში ელის.
“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაშია, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ”, – განაცხადა მან.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმაც, მისი თქმით, ნაკრების ყველა წევრს სურს, რომ პროგრესი გაგრძელდეს და ფიქრობს, რომ თამაში სასიკეთოდ დასრულდება.
ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები A ლიგაში გადავა.
“მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ”, – განაცხადა ლოჩოშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.