ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 10 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მუშევანსა და გეთაში ეპიდემიოლოგები დღეს მუშაობას განაახლებენ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ადგილობრივ ეპიდემიოლოგებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში თბილისიდან ჩასული დამხმარე ჯგუფებიც მუშაობენ.
გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში 151 საკვლევი მასალა გაიგზავნა. ძირითადად სინჯები სოფელ მუშევაში იქნა აღებული, სადაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, იქ უფრო აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება და გამოკითხვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ჯამში 118 პირია ინფიცირებული. ამ ეტაპზე 198 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 99 ადამიანი კარანტინშია.
118 ინფიცირებული პაციენტიდან დღეის მდგომარეობით 15 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










