ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ისგან კომპენსაციის სახით 926 მლნ დოლარის ნაცვლად, 743 მლნ დოლარს მიიღებს – ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
სინგაპურის უზენაესი სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის მაისში ბანკის ადგილობრივი შვილობილი ტრასტისთვის დაკისრებული ჯარიმის საბოლოო ოდენობა, სხვა იურისდიქციაში პარალელურად მიმდინარე დავების შედეგად, დაკორექტირდა.
ამდენად, ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია 183 მლნ დოლარით შემცირდა, რაც მომავალში შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან Credit Suisse სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
სინგაპურის გარდა, თაღლითობის საქმეზე სასამართლო პროცესი 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლოშიც მიმდინარეობდა, რომელმაც Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.





