მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასტუმროში მოთავსებულ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს საქიროების შემთხვევაში სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ:
სისხლის საერთო ანალიზი
დ-დიმერი
სატურაციის განსაზღვრა
სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუმროში დატოვებული პაციენტების მოვლა გაუმჯობესდება.
დ-დიმერი განსაზღვრავს, აქვს თუ არა პაციენტს თრომბოემბოლიური გართულების რისკი.
სისხლის საერთო ანალიზი იძლევა ინფორმაციას, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის საჭირო მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკი.
სატურაციის განსაზღვრა აჩვენებს, არის თუ არა ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი.
აღნიშნული კვლევების შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე დატოვების, კოვიდ სასტუმროში გადაყვანის ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ.
ამიერიდან კოვიდ სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. კერძოდ, იქ გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად და პაციენტებს მსუბუქი მკურნალობა ჩაუტარდებათ. რა თქმა უნდა, დამძიმების შემთხვევაში პაციენტი გადავა კლინიკაში.
გარდა ამისა, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების როლი, გაიზრდება ასევე ოჯახის ექიმების რაოდენობაც.