პანდემიის ფონზე ბაღდათს ახალი ახალგაზრდული სივრცე „GAME ზონა“ შეემატა. იგი 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. სივრცის შემქმნელების განცხადებით „GAME ზონა“ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების პიროვნული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას.
“ახალგაზრდებისთვის ეს იქნება ალტერნატიული თავშეყრის, დასვენების, გართობისა და განვითარების სივრცე. რაც მთავარია ახალგაზრდული სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას“ – ამბობს ეკატერინე მარუქაშვილმა, პროექტის „GAME ზონა“ კოორდინატორი.
გახსნით ცერემონიალს რეგულაციების სრული დაცვით ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალგაზრდული სააგენტოსა და “თაობათა დიალოგის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ვულოცავ ახალგაზრდებს ამ არაჩვეულებრივი სივრცის გახსნა. მათ მინდა ვუსურვო წინსვლა და წარმატებები. ახალგაზრდებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია გამომდინარე იქედან, რომ მომავალი თაობა არის ის ძალა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”- განაცხადა ბაღდათის მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ.
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობას პროექტისადმი გამოჩენილი ინტერესისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას სისტემა და არა მხოლოდ ერთჯერადი ან მოკლევადიანი პროექტები განხორციელდეს, ამიტომაცაა, რომ მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა გრძელვადიანი, მდგრადი პლატფორმები და პროექტები. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ სწორედ მდგრადობის კომპონენტში განახორციელა მისი კონტრიბუცია“ – ამბობს რევაზ ჩარკვიანი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ “GAME ზონა“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ა/ო RICDOG-ი (სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.









