ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან – ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი – „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის მიერ პეტერ ფიშერის განცხადებები შეაფასა.
მისი თქმით, „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი და მისი დამოკიდებულებები შეიცვალოს. სანამ ბრიუსელი ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემას არ დაიწყებს, ჩვენ ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. საბჭოთა კავშირი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს არ სცემდა, ამიტომ გამოვიქეცით და ახლა თავი შევყოთ ისეთ ბიუროკრატიაში, რომელიც ზუსტად ისე მოგვექცევა, როგორც საბჭოთა კავშირი? – სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო?
ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან. პრობლემა იმაშია, რომ წევრ ქვეყნებსაც ჩაგრავენ. რა დამოკიდებულება აქვთ უნგრეთის მიმართ – არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს. ლამის პოლონეთიც აუჯანყდეს, რადგან გეი ქორწინებას აიძულებენ. კანონით თქვენ არ დაუშვათო, მაგრამ როდესაც საქორწინო ტურიზმით გერმანიაში გადავლენ და ხელს მოაწერენ და უკან დაბრუნდებიან და ოჯახი რომ დაერქმევათ, აღიარეთო. ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი – „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენთან კანონმდებლობით არც გეი ქორწინება და არც აღიარება არ არის დაშვებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის.
„ტყუილია, როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის და ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში. არ ვიცი ელჩს რატომ დასჭირდა ტყუილი, რომ თითქოს ბრიუსელი მიერ სანქცირებული პირი იყო დელეგაციაში. ევროკავშირის მხრიდან არავინ არ არის სანქცირებული . ესტონეთს თავში რა მოუვა, ესტონეთის ჭკუაზე თუ დადის ბრიუსელი…
თუ ბრიუსელი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ არის და ესტონეთის ჭკუაზე დადის, უნგრეთის ჭკუაზე რატომ არ დადის? უნგრეთი მაგალითად, როდესაც დიპლომატიური პასპორტების სავიზო რეჟიმი შემოიღეს – არ დათანხმდა, რას ერჩიან უნგრეთის ხელისუფლებას. წვრილმანი, უდონო, თავხედობა, რომელსაც ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ გახდა სამწუხაროდ სამარკო ნიშანი ბრიუსელის ბიუროკრატიისა და გერმანიის ელჩის განცხადებაც ამის დასტურია. მაშინ რაღატომ სჭირდებათ კონსენსუსი? თუ კი მთელი ევროკავშირი ბატონ ცაჰკნაზეა დამოკიდებული, და როდესაც ყველაზე გამორჩეულ ქართველს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც პერსონალ ნონ-გრანტად გამოაცხადეს, რომელსაც მთელს ესტონურ ოლიმპიურ გუნდზე მეტი მედალი აქვს. ამ ხელისუფლებასა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის ჭკუაზე, რატომ დადის ბრიუსელი? ეს არის პრობლემა. ასეთ ბრიუსელთან როგორ შეიძლება ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ? როდესაც საღამოს მიტინგზე მდგომი ესტონეთის საგარეო მინისტრის ჭკუაზე დადის ამხელა ორგანიზაცია, რომელიც ღირებულებებზე საუბრობს.
სიცრუეა, ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










