ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
მისამართზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
საცხოვრებელი კორპუსიდან დროულად მოხერხდა მოსახლეობის გამოსვლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










