ბათუმელი 16 წლის ბიჭი ამბობს, რომ ის და კიდევ 2 არასრულწლოვანი პოლიციამ იძულებით ჩასვა მანქანაში, შეურაცხყოფა მიაყენა და “მუხლების დახვრეტით” დაემუქრა. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
“ისე მოხდა, რომ დაახლოებით ღამის თორმეტზე მივდიოდით სახლში, ექვსი ვიყავით… პოლიციამ გაგვაჩერა ამ დროს და გვკითხა, რატომ ვიყავით ქუჩაში. ერთ-ერთი, ვინც ჩვენთან ერთად იყო, ადრე პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან. პოლიციელი გვეკითხებოდა, იციან თქვენმა მშობლებმა, რომ ამის მეგობრები ხართო?
მერე პოლიციელმა მე და კიდევ ორი მეგობარი მანქანით წაგვიყვანა სახლში, დანარჩენები ახლოს იყვნენ სახლთან.
დილის ექვსის ნახევარზე მე და ჩემი მეგობრები ისევ გამოვედით გარეთ იმისთვის, რომ საჭმელი გვეყიდა – “ვილმარტში” წავედით, კობალაძის ქუჩაზე. ჩემთან მყოფი ერთი მეგობარიც 16 წლისაა, მეორე – 13 წლის. “ვილმარტიდან” როცა გამოვედით, ისევ იგივე პოლიციელმა გაგვაჩერა, თქვენ კიდევ ქუჩაში ხართო? ჩემმა მეგობარმა უთხრა, რა პრობლემა, კომენდანტი ხომ უკვე მოხსნილიაო და პოლიციელმა გვითხრა, ყ—ზე მკიდია ეგ, დაჯექითო.
მანქანაში ორი პოლიციელი იყო. ერთი პოლიციელი იყო აგრესიული. გვაგინებდა. ასე გვითხრა, თქვენნაირი ბიჭები ბათუმს დედას უტ….სო, აგერ 20 ტყვია მაქვს და მაგრად დაგენ……თო, მუხლებს დაგიხვრეტთო. ვერ გავიგეთ, რა უნდოდათ. რამე დავაშავეთ-მეთქი და რა არ დააშავეთო. მეორე პოლიციელმა მობილური გამომართვა, ჩემს მესინჯერში შევიდა, ვაიბერშიც და მერე დამიბრუნა. ქალაქს რამდენჯერმე დავარტყით წრე და ბოლოს აეროპორტის ბოლოს, ჭოროხთან მისვლამდე ჩამოგვსვა მანქანიდან”, – ამბობს ბიჭი “ბათუმელებთან”.










