ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ნანგრევებში კი ორი ადამიანი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს.
ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი, უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი , სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”- წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.










