ძალიან დაბალი პროცენტია იმისა, რომ რუსები ადამიანურად მოიქცევიან, ყველას მოლოდინია, რომ არაადამიანებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული 1 700 უკრაინელი მებრძოლის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
აკია ბარბაქაძის თქმით, თუ რუსები უკრაინელი მებრძოლებს „არაადამიანურად“ მოექცევიან, ეს იქნება „ყულფი“ რუსი ერის თავზე.
„გარანტია, რომ ისინი ცოცხლები გადარჩებიან 0.1%-ია. არაადამიანებთან, კაციჭამიებთან გვაქვს საქმე, ტირანოზავრისგან სიკეთეს რომ ელოდებოდე, მსგავსი მოლოდინია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. რა უნდა ებრძანებინა [უკრაინის] ხელისუფლებას, ადექით, თავები დაიხოცეთო?
ძალიან დაბალი პროცენტია იმისა, რომ რუსები მოიქცევიან ადამიანურად, ყველას მოლოდინია, რომ არაადამიანებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი ყულფი რუსეთის არა მარტო სახელმწიფოსთვის, არა მარტო ჩინოვნიკებისთვის, არამედ რუსი ერის თავზე. როგორც ნაცისტური გერმანია ვერ გათავისუფლდა და 100 წლის მერეც კი იხდიან კომპენსაციებს და ბოდიშებს, აი, ეს მოუწევთ რუსებს.
მათ[აზოვსტალის მებრძოლებმა] თავის სიცოცხლეს პარაკლისი დიდი ხანია გადაუხადეს, ეგ ხალხი უკვე მარადისობაშია, ამ მარადისობაში კიდევ რა საფეხურზე ავლენ და რას იზამენ, კაცმა არ იცის.
ჩვენმა მეფეებმაც იცოდნენ ურდოში რომ მიდიოდნენ, რომ აწამებდნენ, მაგრამ მიდიოდნენ. ქეთევანმაც იცოდა, რომ შაჰ აბასი აწამებდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა და რატომ გიკვირთ, რომ ეს ხალხი ასე გმირულად იქცევა?
რატომ გგონიათ, რომ ჩვენზე ნაკლებია ვინმე რამით?“, – განაცხადა აკია ბარბაქაძე.
გარდა ამისა, აკია ბარბაქაძემ გადაცემაში საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც ისაუბრა და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა.
„დღეს მთელს მსოფლიოში ვინმეს აინტერესებს პუტინი და პუტინის ხელისუფლება რას იტყვის? ზუსტად ასე მოექცევიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თუ ასე გააგრძელეს გაჯიუტება.
სამყაროს წინააღმდეგ წავიდნენ. მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. კობახიძე რომ გამოვიდა და იძახის, „ნაციონალია“ კრამონი, კარგი რა, რაც არ მოსწონთ ყველაფერს „ნაციონალებს“ აბრალებენ, ბავშვი უკუღმა რომ გაჩნდეს „ნაციონალების“ ბრალი იქნება“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ










