შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში წუხელ მოხდა. მოკლულია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 15 წლის საბა მამფორია. როგორც ირკვევა, საბას თანატოლმა ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილი შველას ითხოვდა, ის მალევე გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მამუკა ბულია, ზუგდიდის რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
– ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა მოკლული. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. მესხიას ქუჩაზე, სპორტული მოედანია, ხელოვნურსაფარიანი და ახალგაზრდები თურმე იქ თამაშობდნენ. იქ მოსულა დაჭრილი ბავშვი. ხელი ეკიდა თურმე მუცელზე და იძახდა, – მიშველეთ, დაჭრილი ვარო.
ბავშვი სისხლისგან იცლებოდა… ეს რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციას გუშინ ორი პირი ჰყავდა დაკავებული. თუმცა მათგან ერთს, ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეს წაუყენეს ბრალი. მეორეც ამავე სკოლის მოსწავლე იყო და ის გამოუშვეს. გამოძიება მიმდინარეობს.ორივე სკოლის სკოლის დირექტორს ვესაუბრე, ისინი კარგად ახასიათებენ როგორც მოკლულს, ასევე დაკავებულს.
მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენია, ამბობენ, აქამდე კონფლიქტი არასოდეს მოსვლია, მანდატურებს მასზე არასდროს უთქვამთ შენიშვნა, ისე მოვიდა მე-12 კლასამდეო.