მნიშვნელოვანია, საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაში – აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და ფუნქციონირებაში, – ეს განცხადება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჯაფარიძის თქმით, იმ უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება, უნდა მოხერხდეს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს ინტერესი გაიზარდოს.
ჯაფარიძის შეფასებით, იქ, სადაც ჩართულია ტრამპის ადმინისტრაცია, გაზრდილია ეფექტურობა და სწრაფი გადაწყვეტილებები.
„რამდენადაც ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის შეწყვეტილი პარტნიორობის შეთანხმება აღდგეს. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა სათანადო პირობების შექმნა. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ის ნაბიჯები გადადგას, რაც შესაბამისს პირობებს შექმნის, რათა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული შეთანხმება შედგეს. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და ამაზე გვქონდა საუბარია.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა არ დარჩეს, რასაც ჰქვია აშშ-ს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხოებისა და მშენებლობაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორს სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. აშშ-ი გამოდის როგორც მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ კორიდორის და იმ ქვეყნების სუვერენიტეტის უსაფრთხოებას, რომელიც ჩართული არიან ამ სატრანსპორტო კორიდორის განხორციელებაში. იგივე უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში. აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში – კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და მის ფუნქციონირებაში. აშშ-ი უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ეს დერეფანი საქართველოს გავლით იქნება უსაფრთხო და საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დაცული. მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა, რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თბილისში აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება. მათ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში შეხვდნენ.
შეხვედრაზე მივიდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის” ლიდერი ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.
მანამდე შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა.










