აშშ-ში ჰაკერების ჯგუფმა Anonymous ჩიკაგოს პოლიციის რადიოსიხშირე დაჰაკა, რის შედეგადაც მასზე მთელი ღამის განმავლობაში კომპტონური ჰიპ ჰოპ კოლექტივის N.W.A-ის ცნობილი საპროტესტო კომპოზიცია Fu*k tha Police ისმოდა. ამ გზით მათ თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გააპროტესტეს და ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
“ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აქციების მონაწილეებს, რომლებიც აშშ-ში ოლიგარქიის, უსამართლობის, კორუფციისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. თუ სამართალდამცველებს თავის კონტროლი არ შეუძლიათ, ძალადობენ, ესვრიან ჟურნალისტებს და მუშტებს ურტყამენ აქციის მონაწილეებს, მაშინ ხალხი რანაირად შეიკავებს თავს?”, – წერია Anonymous-ის ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებში.
46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს მის კისერზე 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი მიბჯენილი იმის მიუხედავად, რომ დაკავებული სთხოვდა, მისთვის სუნთქვის შესაძლებლობა მიეცა. გონების დაკარგვის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უკვე ერთი კვირაა, აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეებიც მომხდარს რასიზმს უკავშირებენ და პოლიციელის მკაცრად გასამართლებას მოითხოვენ.










