აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი – ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არაერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკულ საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი ერთის და მშობელი ორის, არამედ დედის და მამის.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან და ევროკავშირთან. ახლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება. რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება. დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერტილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია. ჩვენ ასევე ვიცით ტრამპის დამოკიდებულება ომებთან დაკავშირებით, რომ ის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. ბუნებრივია, უკრაინის ომზეც ჩვენი პოლიტიკური პროცესები ბევრად არის დამოკიდებული და ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. მათ შორის, გუშინ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩართვაც უნდა, ესეც, იმედია, ჩვენ არ დაგვბრალდება. ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დაჩქარდება პროცესები უკრაინაში მშვიდობის დამყარების და, აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენი პერსპექტივის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.